” იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, ყველა ჯავშანი, რაც ჰქონდათ გაკეთებული მედიცინის მუშაკებს ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მრავალპროფილურ კლინიკებში მოხდება.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ 27 წლის ექთნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა დროულად მოხდა და მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.
“ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ, ექსპერტების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება რომ ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას შემთხვევაში გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად, და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რაც ჰქონდათ გაკეთებული ჩვენს კოლეგებს ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში – ასეთი 40. იმისთვის რომ ჩარევა იყოს დროული”,- ამბობს თამარ გაბუნია.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.
მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.