ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ექსპერტთა ჯგუფი მსჯელობს, შეჩერდება თუ არა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი გარკვეული დროით

ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ახალციხის კლინიკა “იმედში” მომხდარ ფაქტზე მსჯელობენ, რა დროსაც 27 წლის ექთანი კოვიდვაქცინაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გახდება ცნობილი, ქვეყანაში შეჩერდება თუ არა “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება გარკვეული ვადით.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და სხვა სპეციალისტები.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ამ დროისთვის, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა.ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

იტვირთბა....