ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ახალციხეში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
როგორც გურული “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, წარმოუდგენელი უზნეობაა (სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია.
1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.
3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.
მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.
4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.
5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.
7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს.” – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ექთანი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა, თბილისში გადმოყავთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 მარტს, ახალციხეში აცრის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა.
აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში განმარტებას გააკეთეს.