საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ყოფილ წევრს გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა.
წულაიას ბრალდება ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე წარედგინა. უწყების ცნობით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს გოგი წულაიამ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა.
“ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა.
აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა.
ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”- წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ქალმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა.
“გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში – ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,”- ნათქვამია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წულაიას ბრალის დამძიმებას “მეტრონომთან” გამოეხმაურა” ადვოკატი ვალერი გელბახიანი. ვალერი გელბახიანი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმეს თან არ აქვს დართული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე იკვეთება ფაბრიკაცია.
შეგახსენებთ, პოლიციამ გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.
ამ დროისთვს, პოლიტიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.