ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები

“საქმიდან გააქრეს ექსპერტიზის დასკვნა” – წულაიას ადვოკატი ბრალის დამძიმებას არ ეთანხმება

პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. როგორც მისი ადვოკატი “მეტრონომთან” განმარტავს, წულაიას საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების ჩადენა. პოლიტიკოსის ადვოკატი ვალერი გელბახიანი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმეს თან არ აქვს დართული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე იკვეთება ფაბრიკაცია.

“გოგი წულაიას დაედგინდა  ბრალდება 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობას. გოგი წულაიას ბრალდება 126-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 138-ე მუხლზე. წულაია არ ეთანხმება ბრალდებას და არც ჩვენება მისცა.

მე პირადად, როგორც მისი ადვოკატი არ ვეთანხმები ამას და ვთვლი, რომ არა თუ ბრალდების საფუძველი არ არსებობს, არამედ ბრალდება არის თვითონ გაყალბებული. შიგნით არის ისეთი ფორმულირებები, რომელიც საქმის მასალების საწინააღმდეგოს ადასტურებს. მაგალითად, ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ამ დროს იყო ფხიზელ მდგომარეობაში.

საქმიდან გააქრეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ გოგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში. ფაბრიკაციის და ხელოვნური ბრალდების ნიშნები უკვე სახეზე გვაქვს. არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ ახლავს და როგორ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბრალდება არის საფუძვლიანი?!” – თქვა გელბახიანმა.

გოგი წულაიას ადვოკატმა ასევე ისაუბრა პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა.

“გოგი წულაიას აქვს ჩატარებული უმძიმესი ოპერაცია გულის შუნტირება 6 თვის წინ. ის იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ღებულობდა სპეციალური დანიშნულების წამლებს და დღემდეც ეს მდგომარეობა აქვს. მძიმე ავადმყოფია და პატიმრობის შეფასდება არ იქნება მიზანშეწონილი, მაგრამ ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, თუ პოლიტიკოსი ხარ, ციხეში უნდა იყო. გოგიმ გამოაცხადა შიმშილობა”, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა “მეტრონომთან.

ცნობისათვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია გუშინ დააკავეს, მას გამოძიება მეგობარ  ქალზე ძალადობას ედავება.

ავტორი: თამარ შუკვანი

იტვირთბა....