ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში მედიცინის მუშაკებში ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება.
როგორც მარშანია წერს, ექიმებს, რომლებიც ვაქცინას არ გირჩევენ, თქვენგან განსხვავებით, სამსახური არ დაუკარგავთ და სხვათაშორის, ხელფასიც გაეზარდათ
„ექიმები, რომლებიც არცერთ ვაქცინას არ გირჩევენ კატეგორიულად, იმის ფონზე, როცა პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალება ჯერჯერობით, ვაქცინაა და ყველა მაღალი დონის სამედიცინო ასოციაცია, ორგანიზაცია თუ სააგენტო მკაფიოდ ამბობს, რომ სარგებელი მეტია, ვიდრე სავარაუდო თეორიული გვერდითი ეფექტი, აი მაგ ექიმებს თქვენგან განსხვავებით, არც სამსახური დაუკარგავთ, ხელფასიც არავის წაურთმევია, პირიქით საქმე გაეზარდათ, სხვათაშორის, ხელფასიც გაეზარდათ, თბილათ ზიან ხოლმე საღამოობით სახლში, კაი ნაჭამ-ნასვამები და იქიდან გმოძღვრავენ“, – წერს მარშანია.
შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.
15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.