აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მივემგზავრები ზაკარპატიაში, სადაც მოლაპარაკებებს გავმართავ უკრაინის პრეზიდენტთან – მადიარი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში – ზაკარპატიაში – ჩავა. მან იქ მყოფი უკრაინელებისა და სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მხარდაჭრის პირობა დადო.

“უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჩვენც, ზაკარპატიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე უნგრელების გვერდით დგას. ჩვენ ასევე თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვში ვინმე ამას უკმაყოფილებით უყურებს”. – განაცხადა მადიარმა პარლამენტში.

მისი თქმით, ბუდაპეშტის მთავრობა ასევე უნგრული სკოლების, უნგრული ენის გამოყენებისა და უნგრულენოვანი განათლების საკითხს დააყენებს და უკრაინისგან უნგრული თემის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

24 ნოემბერს მადიარმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ზაკარპატიას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ეწვევა.

“დღეს მივემგზავრები ზაკარპატიაში, სადაც მოლაპარაკებებს გავმართავ უკრაინის პრეზიდენტთან და შევხვდები უნგრული თემის ლიდერებს”. – დაწერა უნგრეთის პრემიერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა 16 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

მადიარის თქმით, მხარეები პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ახალი საფუძვლის შექმნასა და მინისტრების დონეზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უნგრეთის პრემიერმინისტრი მიესალმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებას ეხება.

უკრაინის პარლამენტმა უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლებების გამაფართოებელი კანონი 12 ოქტომბერს მიიღო. ამის შემდეგ უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირა. ევროკავშირმა ეს კლასტერები – ერთიანი ბაზარი და კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა – 13 ოქტომბერს გახსნა.

იტვირთბა....