ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“არც მაინტერესებს, მაგრამ ეს არის შიგნიდან გამოტანილი…” – სააკაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

„ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ისინი მთლიანად მორყეული არიან შიგნიდან. ეს არის შიგნიდან გამოტანილი,” – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” მიერ გასაჯაროვებული აუდიჩანაწერების საკითზე კომენტირებისას გააკეთა.

ექსპრეზიდენტი ამავე საკითხზე საუბრისას დასძენს, რომ მისი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა.

„ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ისინი მთლიანად მორყეული არიან შიგნიდან. ეს არის შიგნიდან გამოტანილი, ეჭვს არ იწვევს. ეჭვი არ მაქვს არავისზე, მაგათ შიდა სამზარეულოში ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს. ერთი რამ ვიცი, საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ჩანაწერის. ყველანაირი ჩანაწერი მგონია ნაქურდალი რაღაც და მე მაინცდამაინც არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს მათი მოსმენა. უფრო მეტსაც გეტყვით, არასოდეს, ჩემი მმართველობის დროს, არც ერთხელ და ახლა მოდით, ზედაპირულად ნუ კი იტყვით, ეგ როდის იყო, არასოდეს, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა.

ამათ დროს კი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათივე მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე პირადი ცხოვრების, ძალიან ინტიმური მომენტების ამსახველი ჩანაწერების გამოყრა და განადგურება, ადამიანების პიროვნული მოსპობა. ეს არის ოლიგარქიული მმართველობის სტილი, ეს არის მათი სტილი და ამიტომ, რასაც აკეთებენ მთელი წლები, იმით ასრულებენ თავის არსებობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

11 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურამა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.

პროკურატურის გადაწყვეტილებას  “ტვ პირველი” გამოეხმაურა, ტელეკომპანიის განმარტებით, ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ადუიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტება 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, ეს ყველაფერი სიყალბეა და ამაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკშვილი გავლენა იკვეთება.

იტვირთბა....