ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისია” – ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის პრეზიდენტი, შარლ მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებს ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. მან ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, აუცილებელია მოლაპრაკებებში ყველა პოლიტიკური მხარის ჩართულობა, რათა მოხდეს პასუხისმგებლიანი დიალოგის გამართვა და დემოკრატიული ბაზების სრული კონსოლიდაცია. რაც  საქართველოსა და ევროკავშირის მეტად დაახლოების მყარი საფუძველი გახდება.

„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

იტვირთბა....