კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 270 137 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი ბევრად მეტია.
ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 3 485 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 264 047 ადამიანი.
საქართველოში კოვიდი პირველად დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. იმავე დღეს ირანთან საჰაერო, სახმელეთო და ტრანზიტული მიმოსვლა შეწყდა. ქვეყანა კი სრულმა ლოკდაუნმა მოიცვა. ჩაიკეტა სახმელეთო საზღვრები.
კორონავირუსის აფეთქება საქართველოში შემოდგომაზე დაიწყო, აჭარაში, კერძოდ ბათუმში. ოქტომბერ-ნოემბერში დღიური მაჩვენებელი 3000-4000-ს აღემატებოდა.
დეკემბრის ბოლოდან მსოფლიო ვაქცინაციის მასშტაბურ პროცესში ჩაერთო. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში ვაქცინა ისევ არ შემოსულა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.