ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას”- ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ “ქართულ ოცნებასთან” მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.

ელისაშვილის ინფორმაციით, ის პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ელისაშვილი მასსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს და ამბობს, თუ  ვინმეს მასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, მის წარსულს გადახედოს.

„მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე დავასრულეთ საუბარი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ. ერთი თავგზააბნეული ხალხია. თვითონ “ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

იტვირთბა....