ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების გამო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი მინისტრი – ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრანსპორტის მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „ღრმად შეშოთებულია“ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენებით, რომლის თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელი იყო.
გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განათლების მინისტრმაც წარუდგინა. ბეტსი დევოსი წერს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა „არაკეთილსინდისიერი საქციელია.“
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.