აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმის განცხადებით,ეს არის პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლებას გადააბარებს.
”მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება”, – აღნიშნა ტრამპმა.
მოქმედი პრეზიდენტის მტკიცებით, ის ამერიკისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„ეს წარმოადგენს პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულებას, თუმცა ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია, რომლის მიზანია: გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.