“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში. მისი თქმით, მას და პარტიას არანაირი ბერკეტი არ აქვს, ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში.
„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს-შემადგენელი. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში. როგორც დღეს მოვისმინე, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენი პარტიის გეზს და უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.