ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის შემდეგ, სოციალურ ქსელში მამა-შვილის გავრცელებ ფოტოს და მათთვის კახი კალაძისგან ბინის ჩუქებას ეხმიანება.
როგორც პატარაია წერს, იმის მაგივრად, თბილისის მერმა საცხოვრისის პრობლემა მოუგვაროს ხალხს, ერთი ოჯახი ამოარჩია მხოლოდ.
“მეტრონომი” ბაია პატარაიას პოსტს უცვლელად გტავაზობთ.
“პირველი ინფორმაცია, რაც შემომხვდა დღეს ფბ-ზე, იყო კალაძემ იმ საოცარ ფოტოზე გამოსახულ მამა-შვილს ბინა აჩუქა საკუთარი ჯიბიდანო.
როგორ მასხრად გვიგდებენ ეს მილიონერა პოლიტიკოსები მთელ ქვეყანას?! იმის მაგივრად, თბილისის მერმა საცხოვრისის პრობლემა მოუგვაროს ხალხს, ერთი ცალი ოჯახი ამოარჩია და ჯიბეზე ხელი გაიკრა ვითომ კაიკაცურად.
ოლიგარქის ჯიბის მილიონრები პოლიტიკოსები არ არიან და ვერც ვერასდროს გახდებიან! საკუთარი თავის ტყლარჭვა-პიარის და გამდიდრების გარდა არაფერი შეუძლიათ და არაფერი აინტერესებთ. მაგრამ სანამ ქართველ ხალხს ისინი მოსწონს და ხმას აძლევენ არჩევნებში, არაფერი არ გვეშველება – არაფერი!”- წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან.
აღნიშნულ ფოტოს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე და განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულ მამა-შვილის სახლი არავის დაუნგრევია. თუმცა, როგორც კალაძემ თქვა, მან გაარკვია, რა პირობებში ცხოვრობს ეს მამა-შვილი და ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.