სახალხო დამცველი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ომბუდსმენის განცხადებით, არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება.
„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!
სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ლომჯარია.
ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია.