დღეს დილიდან ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.
აღნიშნულს არასამთავრობო სექტორი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა.
„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორე ხელმომწერი წარმომადგენლები, ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა.
ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს.
ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.
მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ.
ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“ ,- ნათქვამია ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში.