ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობა” შერჩევით სამართალზე საუბრობს

საპარლამენტო ოპოზიცია რეზოლუციას აქვეყნებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციას აქვეყნებს. აღნიშნული რეზოლუცია ძირითადად ეხება შერჩევითი სამართლის შეწყვეტას ქვეყანაში და „რუსთავი 2“-ის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული პირებისთვის ნიკა ნარსიასთვის, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიასთვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

საქმე ეხება  2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ გამართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას, სადაც  პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძესა და დაკავებულებს შორის მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით და მოითხოვა სასამართლოსგან მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს დააკმაყოფილა, ხოლო 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში.

“მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო მძიმე დარღვევები განხორციელდა პარლამენტის წევრთა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა დამნაშავეთა მიმართ მცირე ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება“.- ნათქვამია ნაციონალებს მიერ გავრცელებულ რეზოლუციაში.

როგორც ვნახეთ, ოპოზიციური პარტიის განცხადებაში ძირითადადად საუბარია შერჩევით სამართალზე. „მეტრონომი“ დაინტერესდა ბოლო  პერიოდში კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსები იყვნენ შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჩვენთან  საუბარში  პარლამენტის წევრებზე  ჩიორა თაქთაქიშვილზე, სერგო რატიანსა და გიორგი ღვინიაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სათანადო რეაგირება პროკურატურის მხრიდან არც ერთ ამ შემთხვევაზე არ ყოფილა.

„მე არ მაქვს ილუზია, რომ დიდი შანსი იყოს უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ამ რეზოლუციას, მაგრამ შეთავაზება აუცილებელია. რადგან ვითარება იცვლება. მჯერა, რომ ივანიშვილის მხარდამჭერთა გუნდშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ შერჩევით სამართლის პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ეს აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკაა და სინამდვილეში  ვნებს ხელისუფლებას“. – აცხადებს ბარამიძე.

„მეტრონომთან“ საუბარში მან  თქვა, რომ ბევრისთვის შესაძლოა ცალკეულ დეპუტატების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები საყურადღებო  არ იყოს, მაგრამ  შერჩევითი სამართალი, არასათანადო რეაგირება ძალოვანი სტუქტურების მხრიდან, საბოლოო ჯამში ვნებს ქვეყნის იმიჯს და ისეთ საკითხებზე ახდენს გავლენას, როგორიც იქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაა.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ  „ქართული ოცნების“ წევრ ზურაბ ტყემელაძესაც.  მისი თქმით, ჯერ ტექსტს არ გაცნობია. ბატონმა ტყემალაძემ  სცადა  პროცედურულ საკითხებში  ჩვენი გარკვევა. მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი ჯერ უნდა დაფიქსირდეს ბიუროზე და სწორედ ამ პროცედურების შემდეგ აპირებს  უმრავლესობის წევრი   „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ რეზოლუციის წაკითხვას.

მარიამ  ვარადაშვილი

იტვირთბა....