ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბადრი ესებუას ძმა და მშობლები სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს – საქმის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში  საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. ამავე თემაზე: “მეტრონომმა” გაავრცელა ბადრი ესებუას ოჯახის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....