ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დაკორექტირებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება დამძიმებულია და ეს ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტის ბრალია” – ირმა ნადირაშვილი

“დაკორექტირებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება არის დამძიმებული.” – აღნიშნული განცხადებით „ევროპული საქართველოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი ზუგდიდში გავითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში, კრიმინალის შემცირება არანაირი სტატისტიკითაც არ იკვეთება.

„კრიმინალის შემცირება არანაირი სტატისტიკითაც არ იკვეთება, დაკორექტირებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება არის დამძიმებული. საუბარი, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა და სინამდვილეში ვითარება არის მშვიდი, ერთადერთ ამბავზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ცხოვრობს სხვა საქართველოში და ჩვენ ყველა დანარჩენი ვცხოვრობთ სხვა საქართველოში, სადაც ადამიანებს აჰყავთ მძევლები, მათ სახელმწიფო აჯილდოვებს ფულით და სამშვიდობოზე უშვებს. ამის შემდეგ, უკვე მეორე დღეს აყაჩაღებენ ბანკის ინკასატორს. ადამიანებისთვის არ არის მშვიდი გარემო შექმნილი და ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი, ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უნდა დამთავრდეს”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....