ახალი ამბები

“თავიდან ის იყო აგრესიული, დამიზნებული ჰქონდა ავტომატი” – რა ხდებოდა ბანკში, ერთ-ერთი მძევლის განცხადება

გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და დეტალურად გაიხსენა თუ რა ხდებოდა ბანკში.

მისი თქმით, თავდამსხმელი თავიდან აგრესიული იყო და ავტომატი ჰქონდა დამიზნებული.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. მათ შორის, იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გავიგე გარეთ გასროლა. დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში, მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა ვიდეკოამერით. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე და იქ დავბინავდით.

მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუქი“.
იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.

თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში, ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.

ბიჭები შემდეგ იმიტომ წაიყვანა, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანა. მესამე მძევლალი კი მძარცველმა თვითონ დაასახელა. ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას.

ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თავად ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თავადაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა.
ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფებმა ჩემ მიმართ. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. ეს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. და რა, ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე? ქუჩაში არ უნდა გავიდე? საერთოდ გაუგონარი რამე ხდება“,- განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....