მოძალადის ნებაა, რომ მძევალი პირდაპირ ეთერში შევიდეს. ამიტომ, როცა ტელევიზია მას პირდაპირ ეთერს აძლევს, მოძალადის ნებას ასრულებს – ამის შესახებ, “ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში მედია და შესაბამისი უწყებები, ასეთ დროს, უნდა თანამშრომლობდნენ.
“მძევალი ვერსად დარეკავს (თუ მალულად არ დარეკა). თუ რეკავს, მოძალადე არეკინებს. მოძალადის ნებაა, რომ მძევალი პირდაპირ ეთერში შევიდეს. ამიტომ, როცა ტელევიზია მას პირდაპირ ეთერს აძლევს, მოძალადის ნებას ასრულებს. თუმცა, როცა ეთერს მსხვერპლი ითხოვს, უარის თქმაც რთულია – ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში მედია და შესაბამისი უწყებები, ასეთ დროს, უნდა თანამშრომლობდნენ. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. კობახიძის ბრიფინგი და ტელეიმედის პროპაგანდა ამის ნათელი დასტურია. ეს არაჯანსაღი, მომწამვლელი გარემო 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.