გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე განცხადებას ავრცელებს და მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს პასუხობს.
როგორც დაღუპულის ძმა აცხადებს, მის ძმას გარდაცვალებამდე საავადმყოფოში ძლიერ გამაყუჩებელ პრეპარატებს უკეთებდნენ.
“არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია, ასეც რომ ყოფილიყო, ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმე ჩოლოიანის დაცვა იყო, მაგრამ ეს საქმე ჩაუვარდა და ახლა ჩემი ძმის სახელის გატეხვას ცდილობს. არსებობს ექსპერტიზის ორი დასკვნა, სისხლის ერთი ნიმუში აღებულია ასფალტიდან, რომელზეც ექსპერტიზა ცალსახად ამბობს, რომ ნარკოტიკის კვალი მასში არ არის, ხოლო მეორე უკვე არის საავადმყოფოში აღებული სისხლის ნიმუში. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა მას მიღებული ჰქონდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.
გაუგებარია რა კავშირი აქვს ამ ესპერტიზას ჩოლოიანის განაჩენთან. მარიანა ჩოლოიანს ბრალი არ აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის წარდგენილი. მოსამართლემ მასთან მიმართებით განაჩენი გამოიტანა ჩვენების იძულების საქმეზე, რასაც შენობიდან გადმოვარდნის მიზეზთან არ აქვს არანაირი კავშირი,” – განაცხადა ბექა სირაძემ.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ 15 წლის მოზარდი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ცნობისთვის,15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.