ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ”- მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი ქსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატმა  გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს და არ გამორიცხავს, რომ ის  გადმოვარდნილიყო.

ამამსთან, ადვოკატის თქმით, სასამართლომ მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და საბოლოო განაჩენი საზოგადოების დაკვეთით გამოიტანა.

“სასამართლომ საქმის არსებითი გამოკვლევის დროს დადგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა, გარდაცვლილი პირის დისკრედიტაცია, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, საზოგადოებამ იცოდეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც საქმის არსებითი გამოკვლევის დროს გამოიკვეთა.

გამოიკვეთა ის, რომ ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ ელიკო ჩხიტუნიძეს, ანუ ლუკა სირაძის დედას გარკვეული სახის კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მარიანა ჩოლოიანს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რბილად რომ ვთქვათ მისი სიტყვებით „მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა“. ფაქტია ისიც, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც მრავალკორპუსიანი საცხოვრებელი ადგილიდან გადმოვარდა, სისხლზე ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა“,-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

„ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც არა გამოძიებამ, არამედ დაცვის მხარემ ჩაატარა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია. მას თავი არ მოუკლავს, ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ეს დადასტურებული ფაქტია და არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო. ამასთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან და არც ამაზე საუბრობს ვინმე“,-აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის მასალებიში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლიანის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას დაადასტურებს.

„შატნაჟთან დაკავშირებით, რომელზეც ასე აპელირებს ბრალდები მხარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მხოლოდ დედის, დაინტერესებული პირის ჩვენებაა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ბრალდებამ გაბედა და მტკიცებულება ფაქტობრივად დამალა, არ წარმოადგინა ის მტკიცებულება, რომელიც თუნდაც იმ კითხვაზე პასუხს სცემდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რატომ გაჩერდა ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში“,-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის,15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....