სიმართლეს არ შეესაბამება ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის იმპორტს და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გადატანასთან პრობლემა არ არსებობს, საქართველოში სომხეთის საელჩო კი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს.
სომხეთის საელჩო ყველას მოუწოდებს, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რადგან ეს სომხეთის ინტერესებს აზიანებს.
“საქართველოს გავლით ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოში სომხეთის საელჩოს საკითხის სწრაფად გადასაჭრელად”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

