აშშ ქვეყანაში მყოფ „მწვანე ბარათის“ მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, განაცხადის შესატანად საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში თავიანთი საიმიგრაციო სტატუსის შეცვლას ცდილობენ, „მწვანე ბარათის“ მიღებაზე განაცხადის შეტანა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, საკუთარ სამშობლოში სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით მოუწევთ.
„უცხოელი, რომელიც აშშ-ში დროებით იმყოფება და „მწვანე ბარათის“ მიღება სურს, განაცხადის შესატანად საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადეს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს ზედამხედველობს.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის მიერ მიღებული ახალი წესი განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისებს ითვალისწინებს. ოფიცრებმა თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა განიხილონ და დაადგინონ, გამართლებულია თუ არა განსაკუთრებული შეღავათის მინიჭება.
როგორც აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურში აცხადებენ, ახალი პოლიტიკა გაათავისუფლებს სააგენტოს რესურსებს, რათა სხვა საქმეების დამუშავებაზე კონცენტრირდეს.
„როიტერის“ ცნობით, „ებრაელი იმიგრანტების დახმარების საზოგადოებამ“ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებს, ძალადობისგან დაზარალებულ და უგულებელყოფილ ბავშვებს აიძულებს, დაბრუნდნენ იმ საშიშ ქვეყნებში, რომლებსაც გაექცნენ, რათა „მწვანე ბარათის“ მიღების შესახებ განაცხადი შეიტანონ და აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღონ.
მედიის ინფორმაციით, პოლიტიკის ცვლილება აშშ-ში მიგრაციის გამკაცრებას ემსახურება. გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სტუდენტებისთვის, კულტურული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის ვიზების მოქმედების ვადის შემცირება გადაწყვიტა. მიმდინარე წლის იანვარში კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ 100 ათასზე მეტი ვიზა გაუქმდა.

