თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდის ავთო აბჟანდაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა.
დაკავებულ ფრიდონ აბჟანდაძეს გამოძიება ახალი მუხლითაც ედავება, რაც მას არასრულწლოვანი შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფასა და დამცირებას გულიხსმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს არაადამიანურად ეპყრობოდა – სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ნ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა.
ფ.ა.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს,”-ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს სამართალდამცავებმა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მოზარდის მამა, ფრიდონ აბძანდაძე დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა. ამასთან, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, –