ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“თუ რუსეთმა საქართველო დერეფნად გამოიყენა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდება”- არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” მთიანი ყარაბაღის ზონაში გამწვავებულ კონფლიქტსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ კონფლიქტი დროულად არ ამოიწურება, დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება.

არეშიძე კონფლიქტის განახლების უკან რეგიონის დიდი მოთამაშეების ინტერესს ხედავს და აცხადებს, რომ კონფლიქტის დასრულებაც მათზეა დამოკიდებული.

“თუ მსხვილ მოთამაშეებს სურვილი აქვთ, ეს კონფლიქტი გააგრძელონ, ბევრი მიზანი შეიძლება ჰქონდეთ, რთული სათქმელია ჩემთვის, რა მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ სადამდეც უნდათ მსხვილ მოთამაშეებს, იქამდე გააგრძელებენ ამ კონფლიქტს. განსკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები დაკავებულია თავისი საარჩევნო კამპანიით,”- აცხადებს არეშიძე.

ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო დონეზე გარკვეული დიპლომატიური განცხადებები კი კეთდება, ხოლო რეალურად რა მიზანი ამოძრავებს თანამეგობრობას, ეს კულუარებში წყდება.

“განცხადებები ერთია და მეორეა, რეალურად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ, ეს არ ვიცით ჩვენ. სერიოზული საერთაშორისო დიპლომატია არ კეთდება განცხადებებით, ეს კეთდება ძირითადად კულუარებით და აი, კულუარებით რა პროცესები მიმდინარეობს, მაგის თქმა გაგვიჭირდება. იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ გზას დაადგება და შეეცდება, ეს კონფლიქტი ჩაახშოს,”- აფასებს არეშიძე.

არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას კონფლიქტში საქართველოს როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ვითარება უფრო გამწვავდება, ეს საქართველოს ეკონომიკაზე  კატასტროფულად იმოქმედებს.

“საქართველო ომში არა, მაგრამ ომის შედეგებსა და ომის პროცესებში ჩართული იქნება, აბა რა.  კატასტროფა იქნება ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით, აუცილებლად თან,”- აცხადებს არეშიძე.

ხოლო, კითხვაზე,  შესაძლოა თუ არა, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დერეფნად გამოიყენოს, ექსპერტის მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია.

“ეჭვი მეპარება, რომ საქმე აქამდე მივიდეს, მაგრამ გამორიცხვით არაფრის გამორიცხა შეიძლება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ აქამდე არ უნდა მვიდეს საერთოდ საქმე. თუმცა რუსეთის გეგმებში ყოველთვისაა ამოცანა, სამხრეთ კავკასიაში მაქსიმალურად დაგვაბრუნოს. ასეთი ცდომილების შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმად შემოვა. როგორც წესი, რუსეთის სამხედროების შემოყვანა შესაძლებელია, მაგრამ გაყვანაა მერე ძალიან რთული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციის საბაბი და საშუალება არ უნდა მივცეთ,”- აცხადებს არეშიძე.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ რუსეთმა ქვეყანა დერეფნად გამოიყენოს.

“საქართველოს ხელისუფლების პოზიციამ აქამდე საქმე არ უნდა მიაყვანინოს. მკითხავთ, ამის გაკეთება შეეძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, კი, რთული იქნება, მაგრამ გადაწყვეტადია. საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით უნდა ეცადოს, აქამდე მდგომარეობა არ მიიყვანოს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდება,”- აცხადებს მამუკა არეშიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ ეს ყველაფერი ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შედეგად  სომხეთსა და აზერბაიჯანს მსხვერპლი და დაშავებუალები ჰყავთ. აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

ამასთან, თურქეთმა აზერბაიჯანს კონფლიქტში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რუსეთმა კი მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....