ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი ვრცელდება – რას ჰყვება რევაზიშვილი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, სადაც ერთ-ერთი დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი მის თანამესაკნეს, კობა ჩიტიძეს ესაუბრება.

ჩიტიძე რევაზიშვილს უსვამს კითხვებს და ცდილობს, მეტი დეტალი გაიგოს საბედისწერო ღამის შესახებ.

ვიდეოში კარგად ისმის საუბარი. რევაზიშვილი ჩიტიძეს ეუბნება, რომ ის სხვა მდევარებს სთხოვდა, შაქარაშვილისთვის გაკიდება შეეწყვიტათ.

“ვეუბნებოდი მეთქი ნუ გარბიხართ, ნუ მისდევთ ადამიანს გული გადამიცივდა. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მეთქი ნუ მისდევთ. ჩანთა არის ძალიან საინტერესო დეტალი… დადებულია …თუ ეგ ბავშვი გალახულია და გალახვის შედეგად აქვს მიღებული და არა დაგორების შედეგად, მაშინ ალალია ძმაო. მეცოდება ეგეთი სიკვდილისთვის კაცი. ეშინოდა წყლის. რომ წარმომიდგენია რა სიკვდილით არის მკვდარი, იმენა რა…პირველი სამი დღე სიზმარში ვხედავდი რომ იხრჩობოდა” – ამბობს რევაზიშვილი.

შეგახსენებთ, კობა ჩიტიძემ გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა. მან გამომძიებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისმა თანამესაკნემ ნიკოლოზ რევაზიშვილმა შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა და მომხდარი მოვლენები დეტალურად მოუყვა.

საქმეში კობა ჩიტიძის გამოჩენამ ბევრი კითხვა გააჩინა. ვინაიდან მისი ჩვენება ზუსტად აღწერს პროკურატურის ვერსიას, გაჩნდა ეჭვი, მოწმე ხომ არ არის ჩანერგილი. თავად ჩიტიძის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მან პროკურატურას ჩვენება რაღაცის სანაცვლოდ მისცა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ,რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების საკნიდან ამოღებული ფარული ვიდეჩანაწერები გავრცელდა. როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია.

იტვირთბა....