“გამოჩნდა ახალი ფიგურანტი ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი და ამის საფუძველზე ხდება ჩემი დაკითხვა.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
აღნიშნული განცხადებით თეონა თამაზაშვილმა, საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის, ემზარ საბანაძის განცხადებას უპასუხა. სადაც საბანაძე ამბობს, რომ პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, თეონა თამაზაშვილის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს, რომ შეიცავს.
კითხვაზე, დაასახელებდა თუ არა იმ სამ მაღალჩინოსანს, რომლებზედაც ის განცხადებაში საუბრობდა და რომლებიც, მისი თქმით, იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი, თეონა თამაზაშვილმა უპასუხა: “არა, ეს გამოძიებამ უნდა დაასახელოს და დოკუმენტი წარადგინოს ამაზე, თორემ მე რომ მქონოდა ის “ფლეშკა”, ამით დავასაბუთებდი და დავასახელებდი იმ ადამიანებს”.
ცნობისთვის, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.