“აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩილოსანის შესახებ არსებული ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
“ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მოვუწოდებ აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს, რომ გადაამოწმონ. ზუსტად ამიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიიდან. იარაღის შესაძენად, მოგეხსენებათ, დიდი თანხაა საჭირო და სუსიც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების საკითხში”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებაა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.