პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ამის შესახებ, საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ემზარ საბანაძემ ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რითაც, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
საბანაძემ თეონა თამაზაშვილის განცხადებს ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
“ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ეს მისი ვერსია კი არაა, როგორც მისმა ადვოკატმა ბრძანა, არამედ ის პირდაპირ ამბობს და ირწმუნება, რომ საუბარი იყო თანხის გადარიცხვებზე და სომხეთის მხარის მიერ იარაღის შეძენაზე. ბაჩალიაშვილი პროგრამისტი თუ იყო, მუშაობდა ორ კომპანიაში და ხომ გასარკვევია, რომელ ორგანიზაციაში მუშაობის დროს განახორციელა ეს ტრანზაქცია?
ეს პიროვნება პირდაპირ ითხოვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ საქმეში ჩაერიონ და მიიღონ ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ. ეს უკვე ძალიან ცუდი რამეა, თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი მოდის და დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დგება.
ამ პიროვნებამ ეს ინფორმაცია თუ არ დაადასტურა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც კი ეს ინფორმაცია გაავრცელა, ეგრევე, აქციიდანვე უნდა წაეყვანათ დაკითხვაზე. თან პროკურატურის შენობის წინ იყო და რას ელოდებიან ეს დალოცვილები?! ” – აცხადებს საბანაძე.
ცნობისთვის, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.