საქართველოს საპატრიარქო, თერჯოლაში, 11 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მოზარდის გარდაცვალების, საპატრიარქომ, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ოჯახს მისთვის წესის აგებაზე ნება დართო.
“საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (29.08.2020)
თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.