პროკურატურის შენობიდან გამოსულმა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს სამსაათიანი დაკითხვის დეტალები გააცნო. მისი თქმით, პროკურატურამ უკვე იცის იმ პირის ვინაობა, ვინც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. გარდა ამისა, გვარამიამ გამომძიებელს რუსთავი ორის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული ვიდეომასალაც მიაწოდა, რომელიც ამ პირის ტელეკომპანიის შენობაში შესვლისა და გასვლის კადრებს ასახავს, რადგან ეს შეხვედრა სწორედ იქ შედგა.
„შეკითხვები ეხებოდა იმ ფაქტებს, რომლებიც ეთერში მოისმინეთ და ადამიანს, ვინც ამაზე ისაუბრა – მე სრული ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, მივაწოდე პროკურატურას. ახლა გამოძიების საქმეა, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ წარიმართება. აქ (პროკურატურაში) კიდევ მეორე საქმეა რუსთავი 2-ის, ჩვენი ფარული მიყურადების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია, გამოძიება ერთი ნაბიჯით არ წასულა წინ. თავისითავად ცხადია, იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ საკუთარი თვი უნდა დასაჯოს, ეს კი არ მოხდება“ – უთხრა გვარამიამ პროკურატურასთან შეკრებილ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მას თავისთვის და მისი ოჯახისთვის სპეცალური დაცვაც შესთავაზეს, თუმცა გვარამიამ ამაზე უარი თქვა – ის თავისი ოჯახის დაცვას თვითონ აპირებს და მათ ამერიკაში გახიზვნას გეგმავს.
მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ნიკა გვარამიას თქმით, მას ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი ორის გენერალური დირექტორი პროკურატურაში რამდენიმე საათით გვიან მივიდა. დაგვიანება მან თავისი ადვოკატის საქართველოში არყოფნით ახსნა.
რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნიკა გვარამიამ 21 ოქტომბერს განაცხადა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე 22 ოქტომბერს აპირებდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას. მისივე თქმით, გუშინ მასთან მივიდა პირი, რომელიც მანამდეც აწვდიდა მთავრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას. სწორედ მან აცნობა სასამართლოს შესახებ და თან გადასცა, რომ ამ პროცესებს გარიდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობიდან მუქარა შემოუთვალეს და გაახსენეს, რომ მას ჰყავს ოჯახის წევრები და მასზე არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.