ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ბებია ლიანა ხომასურიძე, პროკურატურის შენობასთან შეუძლოდ გახდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ლიანა ხომასურიძის ახლობლების თქმით, მას ორი დღეა საკვები არ მიუღია.

ლიანა ხომასურიძე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს დღეს შეუერთდა. მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილთაშვილი ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორი გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილის მგზავრებმა. ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა. „დამტკიცდეს სიმართლე თუ დამნაშავეა დაისაჯოს გინდ ჩემი იყოს“- განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამის შიმშილობას გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც უერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულის მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რომ დაიკითხოს სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს. 

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....