ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საბურთალოელებთან ჩავნერგეთ ჩვენიანი, მოვიპოვეთ ინფორმაცია” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას აცხადებს, რომ სამექში ფიგურანტ ე.წ. “საბურთალოელებზე” ფლობს გარვეულ ინფორმაციას.

არასრულწლოვნის მამას კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაციას დოკუმენტების შეგროვების შემდეგ გაასაჯაროებს.

“მე ვარ კონტრდაზვერვის დივერსიული ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი. ამ ტიპის საქმეს, ჩვენ ნახევარ საათში გავხსნიდით. მე რომ ახლა კანონიერი უფლება და რესურსი მქონდეს, ორ დღეში დავულაგებ გამოძიებას, რა მოხდა და როგორ. თუმცა, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვთხოვე დახმარება, მათ მოიპოვეს ინფორმაცია. საბურთალოელებთან ჩავნერგეთ ჩვენიანი, რომელმაც დააზუსტა, რა როგორ იყო, მაგრამ ამ ინფორმაციას მე ახლა არ გავასაჯაროვებ, რადგან ჰაერზე არ ვილაპარაკებ. ჯერ ფაქტებს შევაგროვებ დოკუმენტურად და შემდეგ. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში მომაწვდიან სრულ ინფორმაციას. ხვდებით ალბათ, რომ ამასაც რომ ვამბობ, ახლა ძალიან ვრისკავ, რადგან ეს ყველაფერი არაკანონიერი გზით არის მოპოვებული”, – აცხადებს თამაზ ხომასურიძე.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილი, მის მეგობართან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად იმალებოდა ფერადი ფარდულის უკან და სწორედ იქიდან გადავარდა მდინარეში.

“შაქარაშვილს ის ბილიკი არ ჩაურბენია. ძაღლმა სწორედ იმ ფარდულთან აიღო სუნი და იმიტომაც გადაწვეს გარშემო ტერიტორია. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რითი აქვს შაქარაშვილს დაზიანებები მიყენებული. ხელით, ფეხით, ქვით თუ რა საგნით. იქ დიდი ხრამია. ჩვენ დავდებთ დოკუმენტებს თავისი ჩანაწერებითა და გადაღებებით”, – განაცხადა ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რომ დაიკითხოს სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს. 

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....