ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“ვინ დაიჯერებს რომ დიდუბეში ანა დოლიძე გაიმარჯვებს?! ეს წინასაარჩევნო ბაქი-ბუქია”- ზურაბ ჯაფარიძე “მეტრონომთან””

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომლის კანდიდატურასაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარი დაუჭირა, გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჯაფარიძე “მეტრონომთან” ინტერვიუში ოპონენტებთან მის შესაძლებლობებზე საუბრობს.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აცხადებს, მისი მიზანი “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხებაა, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატს, ანა დოლიძეს წარმატებას უსურვებს.

“მე ვაპირებ, რომ გია ვოლსკი დავამარცხო და ვაპირებ, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. მათ შორის, მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ძალიან წამადგება. რაც შეეხება ანას, მას წარმატებას ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს. რადგან, ერთადერთი შანსი, ვინმეს წაართვას ხმა, ესაა “ქართული ოცნება”. ამიტომ, გულწრფელად გამიხარდება, რაც მეტ ხმას აიღებს, რადგან ამით შანსები დააკლდება გია ვოლსკის და შესაბამისად, ჩემი გამარჯვების შანსები გაიზრდება,” – განაცხადა ჯაფარიძემ “მეტრონომთან”

ჯაფარიძემ ანა დოლიძის განცხადებასს, რომ კვლევებში რეიტინგის მიხედვით ის ბოლოა, სიცრუეს უწოდებს.

“ზღაპარია, მისი არ მჯერა. დიდუბეში საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე ვარ გასული. პირველი იყო, “ქართთული ოცნება”, მეორეზე “ნაცმოძრაობა” და მესამეზე მე. კვლევები კი არა, კონკრეტული საარჩევნო შედეგი მიჭირავს ხელში. ზღაპარია ეს ყველაფერი და მესმის, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ბაქი-ბუქის ამბავია,” – აცხადებს ჯაფარიძე.

კითხვაზე, პირველი ტურიდან გამოთიშვის შემთხვევაში მეორე ტურში ვის დაუჭერს ის მხარს, ჯაფარიძე ამის ალბათობასაც არ უშვებს და აცხადებს, რომ თუ მეორე ტური გაიმართება, ის მიიღებს მასში მონაწილეობას.

“ამის ალბათობას გამოვრიცხავ. თუ იქნება მეორე ტური, მე ვიქნები მეორე ტურში,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე “მეტრონომთან” მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ხელისუფლების პოლიტიკურ მოქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ხელისუფლებისთვის საუკეთესო ოპონენტი სწორედაც რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძეა, ვინაიდან მისი დამარცხების დიდი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....