ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

ანა დოლიძე “მეტრონომთან”: რატომ აწყობს “ქართულ ოცნებას” დიდუბეში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა

მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე “მეტრონომთან” მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ხელისუფლების პოლიტიკურ მოქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ ვითარდება ორპოლუსიანი სცენარი, რადგან პოლიტიკურ სივრცეში ახალი მოთამაშეები არ გამოჩნდნენ.

დოლიძე საუბრობს ორპოლუსიანი სცენარის არსებობაზე, რომლითაც “ქართული ოცნება” დიდი ხანია  სარგებლობს და ამ სცენარის წყალობით ახერხებს გამარჯვების მოპოვებასაც. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი განმარტავს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ხელისუფლებისთვის საუკეთესო ოპონენტი სწორედაც რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძეა, ვინაიდან მისი დამარცხების დიდი შანსი აქვს.

“როგორც ჩანს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, დიდი ხანია ჩნდება ტრადიციული ორპულუსიანი სცენარი. რომელიც მანამდე  “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი იყო.  “ქართული ოცნების” საუკეთესო ოპონენტი, თუნდაც ძალიან არაპოპულარული და არარეიტინგული კანდიდატისთვის იქნება კანდიდატი, რომელიც არის ძველი ოპოზიციიდან. ამ ორპოლუსიანობის შემთხვევაში ინტერესი არის, რომ არ გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური მოთამაშეები. პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების ინტერესი იმიტომ, რომ მას ძალიან აწყობს სუსტი ოპონენტი.მე ვთვლი, რომ ამ სცენარით მივდივართ, რაც ნანახი გვაქვს ბევრჯერ და რაც კარგად აქვს “ქართულ ოცნებას” გამოცდილი “- აცხადებს დოლიძე.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, მოქალაქეები “ქართულ ოცნების” მმართველობით დაიღალნენ და მათი დაკვეთაა, ახალი სახეები გამოჩნდნენ, რასაც ბრძოლაში მისი მონაწილეობით ასრულებს.

“ქართულ ოცნებას” არავითარი პოტენციალი აქვს, რომ ამ სუსტ კანდიდატთან ილაპარაკოს საქმეზე. ჩემს შეთხვევაში მას მოუწევს ლაპარაკი საქმეზე. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შემთხვევაში იქნება საუბარი ისევ ნაც-ქოცების სცენარით. უბრალოდ, კვლევა აჩვენებს, რომ ხალხი ამ შოუს ყურებით დაიღალა. ამიტომ, ვაკეთებ დიდ საქმეს, რომ ვასრულებ  დაკვეთას, ახალი სახეები გამოჩნდნენ,”- აღნიშნავს დოლიძე.

კითხვაზე, პირველი ტურიდან გამოთიშვის შემთხვევაში ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში, დოლიძე, ამის ალბათობას არ უშვებს და აცხადებს, რომ კვლევებით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მის პერსონას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

“დღევანდელი მონაცემებით, ყველა კვლევით, მე ვარ მაგ ოლქში ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით მოსარგებლე პოლიტიკოსი. ცოტა ახლოს რომ მივალთ მეორე ტურთან, ეგ კითხვა, თუ, ვინ გამოეთიშება მეორე ტურს, მერე უნდა დავსვათ, ამ ეტაზე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი კეთილგანწყობით მაგ ოლქში და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვარ. ოპოზიციის ლიდერებს შორის. სხვათაშორის, ზურაბ ჯაფარიძე არის ბოლო.

ტრადიციული ორპოლუსიანობაა ქოც-ნაცობა ამ ოლქში, ისევე როგორც ქვეყანაში გათამაშდება ჩვეულებრვი ქოც-ნაცობა, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ამით “ქართული ოცნება” სარგებლობს და “ქართული ოცნებაა” პირველ რიგში, რომელსაც ძალიან სჭირდება ეგეთი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, არავითარი სალაპარაკო მათ ამ რაიონში არ აქვთ. გასაგებია, რომ ვოლსკი ილაპარაკებს ოპოზიციაზე, რომელიც ძალიან სჭირდება. ვოლსკის რა, ბევრი ხიდი აქვს აშენებული თუ სკვერები. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა მონაცემებით ხალხი ამ სცენარისგან დაღლილია და ხალხს უნდა პროგრესი და ქვეყნისთვის მიხედვა,”- განმარტავს მაჟორიტარობის კანდიდატი.

ამასთან, დოლიძის ინფორმაციით, არჩევნებში მისი გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას და ის მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის სახით იბრძოლებს. მისივე თქმით, მომავალში მოძრაობა “ხალხისთვის” პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის პრობლემებზე.

“მოძრაობა ხალხისთვის” იქნება პარტია, იქნება რეალური, საკითხებზე ორიენტირებული პარტია. მთავარი მანიშნებელია, რომ პოლიტიკოსები ხალხის საკითხებზე კი არ მსჯელობენ, არამედ იმაზე, თუ ვინ მოხვდება პროპორციულ სიაში. ამით არიან დაკავებულები. ხალხისთვის იქნება ახალი პარტია, რომელსაც ექნება გამორჩეული პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ არჩევნებზე კი ჩვენი პარტია არ იღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მე დაყენებული ვარ როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს და არა პარტიას.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....