ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ზრდასრული საიტებისთვის გაგვიკეთებია პროგრამული უზრუნველყოფა და არანაირი შეხება პორნოინდუსტრიასთან შპს ზეგ-ს არ აქვს – ამის შესახებ, კომპანია “ზეგ-ის” დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
თუმცა, კითხვაზე: გაუკეთებია თუ არა კომპანიას პროგრამული უზრუნველყოფა პორნოსაიტისთვის, კობერიძე პასუხობს, რომ კი.
ის ასევე დადებითად პასუხობს კითხვას – მომსახურებია თუ არა ზეგ-ი პროგრამულად სხვა ტიპის საიტს. კობერიძე მაგალითად ქსოვილების ყიდვა-გაყიდვის საიტს ასახელებს.
“ჩვენი ყველანაირი საქმიანობა, აქაც და იქაც, არის ყველანაირად ლეგალური”. – აღნიშნავს კობერიძე.
ზეგ-ის თანამშრომლების განმარტებით, როდესაც ნებისმიერ საიტს ემსახურებიან, მათ კონტაქტი აქვთ არა შიგთავსთან, არამედ რიცხვებთან და მუშაობენ კოდის შექმნაზე. მათი თქმით, როგორც მაგალითად, Facebook-ის პროგრამის შემქმნელს არ აინტერესებს და არ აქვს კავშირი, კონკრეტული მომხმარებელი რა ფოტოს დადებს, იგივეა პორნო ან ნებისმიერი საიტის პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში.
“Amazon-ი ვინც შექმნა, ის ქმნიდა კოდს, ამაზონზე ვინ რა პროდუქტს დებს, ის მას არ ეხება, არ აინტერესებს”. – ამბობს კომპანიის თანამშრომელი ლევან იობაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.