ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

“მეტრონომი” ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას მიმართავს: რა ინფორმაციას ფლობდა პროგრამისტი “ზეგ”-ის კონკრეტულ საქმეზე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ვერსიებსა და მისი დამსაქმებელი კომანიის საქმიანობის შესახებ “მეტრონომი” უკვე წერდა, რითაც ცდილობდა საინტერესო აქცენტები გამოეკვეთა. ჩვენ თავიდანვე დავინტერესდით ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია “ზეგ”-ის საქმიანობით და მისი მფლობელის, აშშ-ის მოქალაქის, ბრაამ რეიხბახის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვეპოვებინა. დოკუმენტებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ კომპანია “ზეგ”-ის საქმიანობის საგანია “ხელოვნური ინტელექტი, ნანოტექნოლოგიები და კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.”  აქედან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილი ფლობდა მაღალტექნოლოგიური პროგრამირების ენებს. ამასთან, ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა.

გამოძიების მსვლელობისას არაერთი მოსაზრება გამოითქვა 23 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკაშირებით. საკმაოდ საინტერესო და ლოგიკური აქცენტები გამოკვეთა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. ასევე კუხალაშვილი კიდევ ერთ ვერისაზე საუბრობს, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილმა საქმის შესრულებისას გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომა მიიღო, რომელიც კომპანიის ბექგრაუნდი იყო და იმ კომპანიის კომპრომეტაციასაც იწვევდა. აქ საუბარია პორნოსაიტებზე, რომლის კონტენტის ერთ-ერთ შემქმნელად სწორედ კომპანია “ზეგ”-ი სახელდება. “მეტრონომი” ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა და შეეცადა, გადაემოწმებინა, რა კავშირი აქვს კომპანია “ზეგ”-ს პორნო კონტენტის შექმნასთან და ნამდვილად არის თუ არა დასახელებული კომპანია ის, სადაც გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი მუშაობდა?!

თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, 2017 წელს პორნოჰაბმა გამოაქვეყნა სტატისტიკა  პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ, სადაც ნაჩვენებია რა სახის პორნოგრაფიას მოიხმარენ ამა თუ იმ ქვეყნიდან შემოსული მოხმარებლები, ასევე, რა სქესის არიან თავად ეს მომხმარებლები. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პორნოგრაფიის ქალი მომხმარებლების წილი 50%-ს უახლოვდება. სტატისტიკა თბილისის ფორუმზეა გამოქვეყნებული, სადაც მომხმარებლები შეფასებებსაც წერენ. ამ მონაცემის შეფასებისას ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარის სახით წერს, რომ საქართველოში პორნო კონტენტის ქალი მომხმარებლების 50%-მდე ზრდა კომპანია “ზეგ”-ის დამსახურებაა, რომელიც “ედალტ კონტენტ” საიტების დეველოპმენტს ახდენს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს შორის ეს ფორუმი გაკეთებულია 2018 წლის 30 იანვარს, შესაბამისად ამ დროისთვის აღნიშნული კომპანია უკვე ეწევა თავის საქმიანობას.

“მეტრონომი” დაინტერესდა, რომელი შპს “ზეგ”-ი ფიგურირებს პორნოსაიტების შექმნასთან, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით მოიკვლია ქართულ ბაზარზე ანალოგიური სახელწოდების რამდენი კომანია არსებობს და რა საქმიანობას ეწევიან. როგორც ირკვევა, საქართველოში შპს “ზეგ”-ის სახელწოდების ოთხი კომპანია მოღვაწეობს.

ქართულ ბაზარზე მოღვაწე ერთ-ერთი კომპანია “ზეგ”-ი (ს/კ. 404580556) საქართველოში ელექტრო სკუტერების შემოტანითაა დაკავებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2019 წლის 28 ივნისს შეიქმნა. კომპანიის რეგისტრაციის თარიღი ავტომატურად გამორიცხავს ამ შპს “ზეგ”ის პორნოსაიტების შექმნასთან კავშირს, ვინაიდან ფორუმზე არსებული მიმოწერები 2018 წლით თარიღდება.

მეორე კომპანია “ზეგ”-ი (ს/კ. 402141874) საქართველოში 2019 წლის 2 აგვისტოდან მოღვაწეობს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მისი მესაკუთრე ირანის მოქალაქე, მეთიუ ჯეიმს მორანია. კომპანიის შექმნის თარიღით შეგვიძლია პორნო კონტენტის შექმნასთან მისი კავშირიც გამოვრიცხოთ.

იგივე სახელწოდების კომპანია (ს/კ. 402166142 ) შექმნილია 2020 წლის 2 ივლისს, შესაბამისად სწორედ ამ თარიღდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ მონაცემის მიხედვით, აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კომპანია “ზეგ”-ი ვერანაირად იქნება პორნოგრაფიულ საიტებთან დაკავშირებული.

და ბოლოს, მეოთხე კომპანია სახელწოდებით “ზეგ”-ი (ს.კ. 405130914), სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, 2015 წელს ნიკოლოზ გეჯაძის მიერაა დაფუძნებული და ის კომპანიის სრულ კაპიტალს ფლობდა. კომპანიის მფლობელი 2016 წელს თამარ კობერიძე გახდა, რომელიც დირექტორიც იყო. 2018 წლის თებერვალში, დირექტორმა ხელწრილის საფუძველზე, 100%-იანი წილი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა აშშ-ის მოქალაქეს აბრაამ რეიხბახის, თავად კი დირექტორის პოზიციაზე რჩება. ჩვენ ვწერდით, რომ ეს თავად აბრაამ რეიხბახის ბიზნესსაქმიანობაა. ირკვევა, რომ აბრაჰამ რეიხბახი  34 კომპანიას ფლობს. ასევე, საქართველოში მის მფლობელობაშია სამი კომპანია.

რომელი კომპანიაა ნაგულისხმები თბილისის ფორუმზე და არის თუ არა ზუსტად ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია პორნოგრაფიული საიტების შექმნასთან დაკავშირებული, “მეტრონომი” ამას ვერ დაამტკიცებს. ასევე, ვერც იმას ვიტყვით, რამდენად სწორად ჰქონდა ინფორმაცია მომხარებელს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, როდესაც მან კომენტარი დაწერა. თუმცა, ფორუმზე არსებულმა მიმოწერებმა გარკვეული ეჭვის საფუძველი გააჩინა და გამოძიებისთვის ეს ფაქტი საყურადღებო უნდა გახდეს. თან თუ გავიხსენებთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი გასაიდუმლოებულ პროექტებზე მუშაობდა, გამოძიება მისი საქმიანობის გამოკვლევით მით უფრო უნდა დაინტერესდეს.

ვინაიდან, კომპანიების რეგისტრაციის თარიღებიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ფორუმზე ნახსენები შპს :ზეგ”-ი შესაძლოა სწორედ აბრაამ რეიხბახის მფლობელი კომპანია იყოს, იმედს ვიტოვებთ, გამოძიება დაინტერესდება ამ ინფორმაციით, რაც გამოკვეთავდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის უცხოელი დამსაქმებლის აბრაამ რეიხბახის რეალური საქმიანობებიდან ერთ-ერთ ელემენტს, რაც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩენილიყო გამოძიებისთვის.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....