23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მის კომპანიაში იყო დასაქმებული.
როგორც ბურჭულაძე აცხადებს, ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია და ის გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა.
“ცხოვრებაში არ გვინახავს, ამ ქალბატონთან არანაირი კავშირი არ გვქონია არც მე და არც ჩემი კომპანიიდან არავის. როგორც ტელევიზიიდან ვიცი, „ზეგის” ოფისი მდებარეობს იგივე სადარბაზოში, სადაც ჩვენ გვაქვს ნაქირავები ოფისი. „ზეგი” მდებარეობს მე-2 სართულზე, ჩვენ კი მე-4 სართულზე ვართ. არანაირი კავშირი არ გვაქვს. სამი წელია, რაც ოფისი ვიქირავეთ და ამ სამი წლის განმავლობაში არანაირი კავშირი არ გვქონია „ზეგის” ოფისთან. ისეთი ოფისია, რომელსაც არაფერი აწერია კარებზე, თუ რა ოფისია, როგორია და ა.შ. თავისთვის იყვნენ, შედიოდნენ და გადიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც არანაირ კავშირზე არ გავდიოდით, რადგან ამის არანაირი საჭიროება არ იყო”, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
რაც შეეხება მის კომპანიას, როგორც შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, კომპანიას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუფი” და ის საინფორმაციო-სარეკლამო SMS-ის გამგზავნი კომპანიაა.
„SMS ჰაბი ვართ. საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ გვქონია არც ამ გოგოსთან და არავისთან მაგ ოფისიდან. არ ვიცი, ვის როგორ აწყობს ამ საქმის ამგვარად წაყვანა. ტროლების მსხვერპლი ჩვენ ვართ. პირიქით, აქეთ გვიტევენ ტროლები ყოველთვის”, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.