საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმე ქვეყნის ტრაგედიაა და გამოძიებამ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს პრობლემები და ამიტომ დაიწყო რეფორმები.
“რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის მძიმე შემთხვევა. რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, აქ მნიშვნელოვანია და შსს-ს მინდა დავავალო მოქალაქეებს პროაქტიული ინფორმირება. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოძიება. ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის და ამიტომ დაიწო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის.
ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის, მინდა ყველა საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, რათა არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.