ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერებისას ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა” – გეჯაძე

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა – ამის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის საბოლოო დაკვნაში წერია, რომ „გვამური გაშეშება მოხსნილია“.

„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ – ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ, კი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად ლპობითი ცვლილებები იყოს“, – აცხადებს გეჯაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....