“იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, რა შეფასებას ვაძლევ გვარამიას გუშინდელ ტექსტს. ის გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ხელისუფლების პარტნიორი და იმ ლოგიკას კი არ მისდევდა, რომ პირველ რიგში, თუ მართლა მოხდებოდა ასეთი ამბავი, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნებოდა მთავარი დარტყმა მიყენებული. ბევრი რამეა, რაც დახვეწას და გამართულ ლოგიკას მოითხოვს. ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში კარგახანია კარგად გრძნობენ თავს.”
მამუკა არეშიძე – ანალიტიკოსი
ამის შესახებ არეშიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია, ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.