“შესაბამისი უწყებები ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ოცნებისტების მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ეს გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა. სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ გაბუნიასა და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს.მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაცია. ზუსტად დასახელდეს ამ დანაშაულის არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამვეთიც, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.”
გრიგოლ ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი.
ამის შესახებ გრიგოლ ვასაძემ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძემ ასევე, მოითხოვა, გამოძიებაში ჩაერთონ საერთაშორისო სამართალდამცველებიც, ვინაიდან “ქართული ოცნების” საგამოძებო სისტემა სანდო არაა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია, ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.