ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და დამალა ეს ინფორმაცია, დასკვნები თქვენთვის მომინდვია”- ლაშა ნაცვლიშვილი

“ქართული ოცების” პიარ-კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევას ეხმაურება.

როგორც ნაცვლიშვილი წერს, გაბუნიას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სუს-სა და ნიკა გვარამიას. მისი თქმით, უსაფრთხოების სამახურმა მისი ვალდებულება წარმატებით შეასრულა, ხოლო “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე.

ლაშა ნაცვლიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბირფინგის, გაბუნიას კომენტარის და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით.

ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან არ თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხეე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხდეთ, ვის როგორ შედეგით სურდა, ეს ისტორია რომ დასრულებულიყო.

პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია,”- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია, ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.

 

იტვირთბა....