ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეწყალებინა ოპოზიციის წევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ისეთი ფასის გადახდა მოუწევდა, რომლის გადამხდელებიც არ არიან.
აღნიშნულით გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” ინტერვიუში პრეზიდენტის შეწყალების აქტს აფასებს, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ.
ხუხაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებთან ჯერ პირობა დადო და შემდეგ შეთანხმება უარყო, ამით საქართველოს ინტეგრაციას სერიოზული საფრთხე შეექმნა.
“ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთი ფასის გადახდა მოუწევდათ, რომლის გადამხდელებიც არ არიან. აქ უკვე ფინანსური დახმარება აღარაა მთავარი, აქ მთავარია პოლიტიკური გაკოტრება.
როცა შენი ელჩებისა და პარტნიორების თანდასწრებით რაღაცაზე მოილაპარაკებ და მერე სიტყვას ტეხავ, ანუ, აგდებ, ასე რომ ვთქვათ, რაც არაა პირველი შემთხვევა. ერთხელ, ორჯერ აიტანეს და მესამედ უკვე კატეგორიულად დასვეს საკითხი. ფაქტობრივად აქ ფულზე აღარაა საუბარი, საერთოდ ეჭქვეშ დადგა საქართველოს ინტეგრაცია იმ ფასეულ სისტემაში, რაზეც ჩვენი ხელისუფლება რიტორიკულად მაინც მუდმივად საუბრობდა,”- აცხადებს ხუხაშვილი.
ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლების მოქმედებები არის მინიმუმ იმის აღიარება, რომ ის იტყუებოდა.
“მითუმეტეს შეეძლოთ, ეს ძალიან რბილად გაეკეთებინათ. სანამ პოლიტპატიმრებზე არ დაიწყო საუბარი და მთელმა მსოფლიომ არ გაიგო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ყოფილან, მანამდე კამერებთან იდგნენ და ტუილს ტყუილზე ამბობდნენ. მინიმუმ, ეს არის აღიარება, რომ ხელისუფლება იტყუებოდა. და ხელისუფალს ტყუილზე რომ დაიჭერ, მერე იმას ვინ უნდა ენდოს?!
რაც არ უნდა რიტორიკით შეფუთონ, ეს არის ირიბი აღიარება, რომ თურმე ქვეყანაში ჰყოლიათ პოლიტპატიმრები,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამასთან, როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს.ოპოზიციაში ასევე აცხადებე, რომ თუ პირობები ბოლომდე არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
ასევე, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.