ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სიმართლე გითხრათ, საქართველოს ისტორიაში ასეთი სიბრიყვე არც მახსოვს”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების – გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა.

როგორც ხუხაშვილი “მეტრონომთან” ინტერვიუში აფასებს, შეწყალების აქტის გამოცემა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს მაშინ უნდა გაეკეთებინათ, ვიდრე მსოფლიოს პოლიტპატიმრებზე აალაპარაკებდნენ.

“თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოებრივად, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო. ხოლო, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურად, რა არის ეს “ქართული ოცნებისთვის”, ეს წარმოუდგენელი რამაა. სიმართლე გითხრათ, საქართველოს ისტორიაში აი ასეთი სიბრიყვე არც მახსოვს. როდესაც ხელისუფლება პრობლემებს თვითონ იქმნის, დგება პოზაში და რაღაც პერიოდის მერე მაინც უწევს ამის გაკეთება, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!

ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის ხელისუფლების გაკოტრების ტოლფასი. წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინათ ადრე. ახლა ამის გაკეთება ჩემი აზრით, ეს არის “ქართული ოცნებისთვის” თვითმკვლელობის ტოლფასი,”- აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამ პროცესებიდან საზოგადოებამ ნახა, რომ  ხელისუფლება ატყუებდა და დაუშვებელია, ქვეყანა ასე იმართებოდეს.

“ამ ყველაფრის გათვლა ხომ თავიდანვე შეიძლებოდა?! პოზაში ჩადგნენ, რა არ იძახეს, რომ ეს შეთანხმება არ ყოფილა და ა.შ., იტყუებოდნენ მთელი კვირის განმავლობაში და საბოლოოდ მაინც ასე გააკეთეს. ამ ყველაფრიდან მინიმუმ რა გავიგეთ ჩვენ, რომ ისინი სახეში გვიყურებდნენ და გვატყუებდნენ, ტყუილზე დაიჭირეს და გადაწყვეტილება ბოლოს მაინც მიაღებინეს. ასეთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში სახელმწიფოსთვის სახიფათო არ არის?! რაც ვიხილეთ ჩვენ, როგორ შეიძლება ეს?! ქვეყანა ასე იმართებოდეს, შეიძლება?!

მიტუმეტეს შეეძლოთ, ეს ძალიან რბილად გაეკეთებინათ. სანამ პოლიტპატიმრებზე არ დაიწყო საუბარი და მთელმა მსოფლიომ არ გაიგო, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ყოფილან, მანამდე კამერებთან იდგნენ და ტუილს ტყუილზე ამბობდნენ,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს.

ასევე, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....