ანალიტიკოს თორნიკე შარაშენიშის განცხადებით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის მართვას საკმაოდ ნორმალურად გაართვა თავი, თუმცა მუშაობის შედეგი რამდენიმე თვეში გამოჩნდება.
ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
“როგორ იმუშავა მთავრობამ, ეს შედეგები რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მე ჩემი ზედაპირული შეხედულება მაქვს, ვინაიდან არც ეკონომისტი ვარ განათლებით და არც საგანგებო მდგომარეობის კრიზის-მენეჯმენტი გამეგება დიდად. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ნორმალურად გაართვეს თავი. ოღონდ, ეს ყველაფერი ეკონომიკურად რამდენიმე თვეში დაეტყობა ქვეყანას და მერე შევხედავთ. ჯერჯერობით არ ჩანს შედეგები, ამიტომ ნაადრევად მსჯელობა მიუღებელია, მითუმეტეს ჩემგან, რადგან არ ვარ ეკონომისტი და არც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი,”- აცხადებს შარაშენიძე.
მისივე თქმით, ბუნებრიბია, რომ შექმნილი ვითარება ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენა და ამაში გასაკვირი არაფერია.
“რა თქმა უნდა, ეს ვითარება წინასაარჩევმნოდ გამოიყენა და პოლიტიკური ქულები ჩაიწერა. ვინ არ ჩაიწერდა, ყველა ჩაიწერდა, ბუნებრივია,”- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. უკეთესი ეპიდმდგომარეობის საფუძველზე, უკვე გაიხსნა აგრარული ბაზრები და საქმიანობის უფლება მიეცა სამშენებლო ბიზნესს. გაიხსნა დაკეტილი ქალაქებიც, სადაც გადაადგილება ყველასთვის თავისუფალია.
გარდა ამისა, 18 მაისიდან, იხსნება სილამაზის სალონები, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრებაზე შეზღუდვა იხსნება.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისადმე გახანგრძლივდა.