საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სფერო ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
ამის შესახებ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე ანგარიშით სხვათაშორის, ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე. სამწუხაროდ დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები”,- აცხადებს გახარია.
მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას.
შეგახსენებთ, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს.გეგმის თანახმად, დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.ამასთან, დღეიდან მუშაობა განაახლა ყველა სახის საწარმომ და მაღაზიამ, გარდა ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მაღაზიებისა.
ამასთან, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.